„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგია – რომლის ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.
სტრატეგიული მიზანი : ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების თანაბარი მონაწილეობა ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალგაზრდული საკითხების უკეთ წარმოჩენას. ამავდროულად, აქტიური მონაწილეობა ახალგაზრდებს ეხმარება ისეთი საკვანძო კომპეტენციების განვითარებაში, როგორიც არის კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემების ანალიზი და ინიციატივების წამოყენება. ამ საკვანძო კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც აქტიურ მოქალაქეობას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვას, ასევე – ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებას.
ამ მიზნის მიღწევით ახალგაზრდებს აუმაღლდებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დონე; გაიზრდება გადაწყვეტილების მიღებისა და დემოკრატიულ პროცესებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა; განვითარდება ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების, შშმ ახალგაზრდების, ასევე – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული პროგრამები და სერვისები; გაძლიერდება ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა.
ამ მიზნის მისაღწევად დაისახა ექვსი ძირითადი ამოცანა:
- ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება
- მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა
- ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება
- ნაკლები შესაძლებლობის მქონე, შშმ ახალგაზრდების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საჭიროებებზე მიმართული პროგრამების და სერვისების განვითარება
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარება
Პირველი ამოცანა : ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებამაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხელს უწყობს საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის განცდის გამძაფრებას, საზოგადოების სხვა წევრების მიმართ სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობიერებასა და შესრულებას, ეროვნული პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარებასა და საზოგადოების საერთო პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნას.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და საკუთარი როლის გაცნობიერება ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში. ამ ამოცანის შესაბამისად განხორციელდება პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებას.
ამ ამოცანის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებასა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას, რადგან შეუძლებელია სრულყოფილი დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, თუკი მოქალაქეები არ იცნობენ დემოკრატიულ ღირებულებებს, არ არიან მზად დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის, არ გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია და შესაძლებლობები
Მეორე ამოცანა : მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების უფრო აქტიურად მონაწილეობის მიზნით შეიქმნება ხარისხიანი მოხალისეობრივი შესაძლებლობებისა და ამ სფეროს განვითარების, რეგულირების, წახალისებისა და აღიარების ხელშემწყობი მექანიზმები, პროგრამები და რესურსები; ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები საზოგადოებისთვის მოხალისეობისა და მისი დადებითი შედეგების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად. ასევე, გაიზრდება ადგილობრივი და საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებისა და ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა.Მესამე ამოცანა : გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა
ადგილობრივ და რეგიონულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტიის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა დემოკრატიული, ინკლუზიური და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ის უფლება, საშუალება, სივრცე, შესაძლებლობა, რომლებიც ხელს შეუწყობს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა საშუალებით მათ გამოხატვას.
შეიქმნება ისეთი ეფექტიანი, ინკლუზიური და გამჭვირვალე მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს ახალგაზრდების თანაბარ და არსებით მონაწილეობას პოლიტიკის შექმნისა და მისი ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
Მეოთხე ამოცანა : ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება
ახალგაზრდული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ახალგაზრდების, ასევე მთელი საზოგადოების განვითარებაში. ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის არეალი ფართოა. ისინი ქმნიან ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირების ეფექტიან პლატფორმას, ახალგაზრდულ სივრცეს თვით გამოხატვისა და განვითარებისთვის. ამ ორგანიზაციების საშუალებით ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ ფართო და მრავალფეროვანი სოციალური კავშირები, პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციასა და ჯგუფთან. ისინი ხელს უწყობენ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სერვისის მიწოდებას, მათ შორის – ახალგაზრდული საქმიანობის, არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის მიმართულებით. ასევე, ახალგაზრდების საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებას, პრობლემური ქცევის ჩამოყალიბების რისკების შემცირებას, ინფორმაციის გავრცელებას, აქტიურ მოქალაქეობასა და მონაწილეობას.ამ მიზნით შეიქმნება მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინიციატივების ზრდას, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად, ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდულ პოლიტიკაში მათ აქტიურ და ეფექტიან მონაწილეობას.
Მეხუთე მიზანი : ნაკლები შესაძლებლობის მქონე, შშმ ახალგაზრდების, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საჭიროებებზე მიმართული პროგრამების და სერვისების განვითარება
სტრატეგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მიუხედავად მათი განსხვავებული საჭიროებისა და მდგომარეობისა.ამ მიმართულებით შეიქმნება და განვითარდება ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული მხარდამჭერი პროგრამები და ახალგაზრდული სერვისები, რომლებიც შექმნის თანაბარ პირობებსა და შესაძლებლობებს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსა და დემოკრატიულ პროცესებში.
Მეექვსე მიზანი : საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარება
ოკუპირებული რეგიონების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანაა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, მათ შორის – ახალგაზრდებზე ზრუნვა. ამისთვის საქართველოს მთავრობა გააგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას და ეფექტიანად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სტატუს-ნეიტრალურ მექანიზმებს, რათა დაეხმაროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, შეუფერხებლად მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება და ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამასთან, გაგრძელდება ძალისხმევა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების უზრუნველსაყოფად.