„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგია – რომლის ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“  განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.

სტრატეგიული მიზანი : ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება

ამ მიზნის მიღწევით სამუშაო ძალაში გაიზრდება ახალგაზრდების წილი, ხელი შეეწყობა ახალგაზრდების სამუშაო ბაზარზე გასვლისა და დამკვიდრების მექანიზმების დანერგვას, ახალგაზრდები გახდებიან ფინანსურად დამოუკიდებლები, აიმაღლებენ ცნობიერებას ფინანსური წიგნიერების კუთხით, გაუჩნდებათ ან გაეზრდებათ საკუთარი შემოსავალი დაქირავებული შრომიდან და მეწარმეობიდან, გაიზრდება საკუთარი სამუშაოთი კმაყოფილების ხარისხი, ასევე ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების სამეწარმეო, მათ შორის – მწვანე და ციფრული მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებასა და  მეწარმეობის სურვილის ამაღლებას. ამასთან, გაიზრდება ახალგაზრდების მიერ დაფუძნებული საწარმოების რაოდენობა.

 

Პირველი ამოცანა : ახალგაზრდების ხარისხიანი და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა 

ღირსეული დასაქმება გულისხმობს რომ, ახალგაზრდების სამუშაოზე აყვანა გამჭვირვალედ და საუკეთესო მეთოდებით ხდებოდეს. ახალგაზრდებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი დასაქმების შესაძლებლობებზე. დამქირავებელთან ურთიერთობა ფორმალიზებული უნდა იყოს, დაქირავებულის ინტერესი კი – დაცული.   

ამოცანის შესაბამისად ხელი შეეწყობა ახალგაზრდებისთვის კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების ხელშემწყობი სერვისების შექმნას/მორგებას, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით პროფესიების განვითარების ტენდენციების შესწავლას, რათა ახალგაზრდამ მიიღოს გადაწყვეტილება ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალისწინებით. განხორციელდება საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებები, რაც უნივერსალურს გახდის ამ სერვისების ხელმისაწვდომობას.

ამოცანის შესრულების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის (ALMP) ყველა პროგრამასა და სერვისზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს, შშმ ახალგაზრდებს, NEET ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებს. 

Მეორე ამოცანა : ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება 

ახალგაზრდების სამეწარმეო განათლება ხელს უწყობს მათი სწავლიდან მუშაობაზე გადასვლის პროცესს, წარმატებული სტარტაპ-კომპანიების რაოდენობის ზრდას, თვითდასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე – ახალგაზრდების შემოქმედებითი კომპეტენციების განვითარებასა და სოციალური პასუხისმგებლობის განმტკიცებას. 

ასევე, სამეწარმეო სწავლებისას ყურადღება გამახვილდება სამეწარმეო, ციფრული, შემოქმედებითი და მწვანე უნარების განვითარებაზე და ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება მეწარმეობისა და სტარტაპებთან დაკავშირებული ისეთი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც  ინიციატივის განვითარებას, პროექტების, ბიზნესგეგმის  მომზადებისა თუ ფინანსური მაჩვენებლების შეფასების სწავლებას ისახავს მიზნად.

ამ მიმართულებით შემუშავდება და განხორციელდება ახალგაზრდებში სამეწარმეო, მათ შორის, მწვანე და ციფრული კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, ახალგაზრდებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, შემუშავდება და განხორციელდება ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტი. ასევე, მომზადდება ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი რეკომენდაციები და განხორციელდება სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ-ინკუბატორების განვითარებისთვის საჭირო აქტივობები.