„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგია – რომლის ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“  განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.

Სტრატეგიული Მიზანი : ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა

ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობისთვის, ახალგაზრდებს სჭირდებათ საკვანძო კომპეტენციების განვითარება და გამოცდილების დაგროვება სხვადასხვა გარემოში, იქნება ეს ოჯახი, სწავლა თუ გართობა. ეს დაეხმარება მათ პირადი, სამოქალაქო და პროფესიული ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებაში. 

მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი სერვისები, რომლებიც შეავსებს ფორმალურ  განათლებას (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი) და ხელს შეუწყობს ახალგაზრდის მრავალმხრივ განვითარებას.

ამ მიზნის მიღწევით საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,  დაინერგება და განვითარდება ახალგაზრდული მუშაკის პროფესია.

ამოცანა : არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა

ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა მნიშვნელოვანია, როგორც მათი პიროვნული განვითარების, ასევე სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ახალგაზრდული საქმიანობა, თავისი ყველა ფორმით, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების გაძლიერებაში. ის ხელს უწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ახალგაზრდების განვითარებისა და სწავლისთვის, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. ახალგაზრდებს, ხშირად ტექნიკურ კომპეტენციებთან ერთად, არ აქვთ განვითარებული არც გამჭოლი კომპეტენციები, მაგალითად, ლიდერობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ., რაც უარყოფითად აისახება მათი დასაქმების პერსპექტივაზე.

 

უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხარისხიანი ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებასა და მათი პოტენციალის გამოვლენას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ხელმისაწვდომი არაფორმალური და ინფორმალური განათლების შედეგად მიღებული უნარების აღიარების მექანიზმები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების იმ ჯგუფისთვის, რომელსაც არ აქვს მიღებული ფორმალური განათლება.

 

ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საჭიროა, საქართველოში ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი გახდეს საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი ხარისხიანი არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები, ჰობი-განათლება, საბანაკე პროგრამები, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისები. ამისთვის განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას, კერძოდ, შეიქმნება და დაინერგება ახალგაზრდული მუშაკის პროფესია, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდული მუშაკების, როგორც ახალგაზრდული საქმიანობის მთავარი აქტორების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირებისთვის, შეიქმნება ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად განვითარებული კომპეტენციისა და უნარების, ასევე, პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკების გამოცდილების აღიარებისა და ვალიდაციის მექანიზმები. ამაღლდება ჰობი-განათლების  ხარისხი და ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება.