„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგია – რომლის ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.
მეორე სტრატეგიული მიზანი : ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება
მოზარდობის ასაკში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ჯანმრთელობის რისკებისგან დამცავი ღონისძიებების გატარება ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის.
ამ მიზნის მიღწევით შეიქმნება ისეთი გარემო და პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაცვას ჯანმრთელობისთვის სახიფათო ქცევებისაგან, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება, ბავშვები და ახალგაზრდები უკეთ შეძლებენ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას, ეს ყველაფერი კი განაპირობებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ამ მიზნის მისაღწევად დასახულია ექვსი ძირითადი ამოცანა:
- ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა
- ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება
- ახალგაზრდებში ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების დონის შემცირება
- ახალგაზრდების მიმართ და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ძალადობისა და ანტისოციალური ქცევის, მათ შორის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა
- ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლა
- ახალგაზრდების/ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება
პირველი ამოცანა – ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა
ამ მიმართულებით განხორციელდება ისეთი პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს ჯანსაღი კვებითი ჩვევების გამომუშავება/შენარჩუნებაში, აქტიური ცხოვრების წესის დანერგვაში. ასევე, დაიწყება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის წახალისება, სპორტული წრეები და ინფრასტრუქტურა მეტი ახალგაზრდისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შეიქმნება და განხორციელდება ახალგაზრდების დასვენებისა და გართობის ისეთი პროგრამები, რომლებშიც გაერთიანდება ფიზიკური აქტივობა და რეკრეაციული და არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებები. ასევე, გაუმჯობესდება რეკრეაციული საბანაკე ინფრასტრუქტურა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის შშმ ახალგაზრდებიც ისარგებლებენ.
Მეორე ამოცანა – ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება
მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი რესურსის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული ადეკვატური მომსახურების განვითარებას.
ასევე, აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობა, ცოდნის დონის ამაღლება და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმის შესუსტება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ახალგაზრდების წიგნიერება გაიზრდება შემუშავებული საკომუნიკაციო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობებით. გაიზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობა. აგრეთვე, განვითარდება ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი, მოქნილი, არამასტიგმატიზებელი, თემზე დაფუძნებული სერვისები, რომელთა გამოყენების მიზანი იქნება სხვადასხვა ქცევითი და ემოციური სირთულის ადრეული აღმოჩენა და დროული ჩარევა.
Მესამე ამოცანა : ახალგაზრდებში ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების დონის შემცირება
დღეისათვის ქვეყანაში ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარება და ამასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე – სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
შემუშავდება ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების პრევენციის ეროვნული სტანდარტები და მათზე დაყრდნობით განხორციელდება ფართომასშტაბიანი პრევენციის პროგრამები. ასევე, უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებებს მორგებული საკონსულტაციო, სამკურნალო და მხარდამჭერი სერვისები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მასობრივი, გეგმაზომიერი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ქცევის მოდელების ფორმირების მიზნით.
ასევე, მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა საჭიროებებს მორგებული საკონსულტაციო, სამკურნალო და მხარდამჭერი სერვისების სისტემის განვითარება. ამისათვის შემუშავდება ქიმიურ და ქცევით დამოკიდებულებასთან, მათ შორის – აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვთა და მოზარდთა განგრძობითი მოვლის სტანდარტები (გაიდლაინი და პროტოკოლი) სკრინინგის, ადრეული ჩარევის, ფარმაკოთერაპიის, ფსიქოთერაპიის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშემწყობი სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა მხარდამჭერი მეთოდების გამოყენებით.
Მეოთხე ამოცანა – ახალგაზრდების მიმართ და ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ძალადობისა და ანტისოციალური ქცევის, მათ შორის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა
ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაული ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ახალგაზრდების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები ნაადრევი სიკვდილიანობის, დაზიანებებისა და უნარების შეზღუდვის ძირითადი მიზეზებია. ახალგაზრდების მონაწილეობით მომხდარი ძალადობა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოებას.
ახალგაზრდებს შორის, მათ მიერ და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა დონის პრევენციის ხელშემწყობი პროგრამების, ღონისძიებებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა.
დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით დაინერგება და განვითარდება ანტისოციალური და კანონსაწინააღმდეგო ქცევის გააზრების პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის. კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებისთვის გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროგრამები. გაძლიერდება განრიდებისა და მედიაციის და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები და მომსახურებები.
ამ ამოცანის ფარგლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოჯახში ახალგაზრდა ქალებისა და ბავშვების მიმართ ჩადენილ ძალადობას.
Მეხუთე ამოცანა : ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლა
ამ მიზნით განხორციელდება ცნობიერების ამაღლებისა და უთანასწორო და საზიანო გენდერული ნორმების ტრანსფორმაციის ხელშემწყობი ღონისძიებები; შეიქმნება ახალგაზრდებისთვის მათი უფლებების, ჯანმრთელობისა და სხვა საკითხების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები; გაიზრდება ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი ჯანდაცვის (განსაკუთრებით – სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის) სერვისების ხელმისაწვდომობა და შეიქმნება სოციალიზაციის განვითარებისთვის საჭირო ალტერნატიული სივრცეები. ოჯახის შექმნისთვის საჭირო რეპროდუქციული ცოდნის მიღების მიზნით ახალგაზრდებისთვის შემუშავდება საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა ინტეგრირება დაიწყება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სასწავლო გარემოში.
Მეექვსე მიზანი : ახალგაზრდების/ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესება
ახალგაზრდების/ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. მათი პერსონალური მონაცემის უკანონო დამუშავების ნეგატიური შედეგები შეუქცევადია და უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და მომავალ ცხოვრებაზე.
ახალგაზრდების/ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით შესწავლილი იქნება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, განხორციელდება ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, ასევე, მიზნობრივი ჯგუფებისათვის გამოიცემა თემატური სახელმძღვანელო რეკომენდაციები.