Მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის, ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ეროვნული და რეგიონული ფორუმების ორგანიზების გზით. 

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რაც მრავალი დეკლარაციითა თუ კონვენციით არის დადასტურებული. შესაბამისად, ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტსაც მონაწილეობა წარმოადგენს.  აქტიური მონაწილეობა აძლიერებს ახალგაზრდებს და აძლევს მათ საშუალებას შეასრულონ წამყვანი ფუნქცია როგორც საკუთარი თავის, ასევე, თემის განვითარების მიმართულებით, შეიძინონ საკვანძო უნარ-ჩვევები, მათ შორის, მოქალაქეობრივი კომპეტენციები და ხელი შეუწყონ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა ევროსაბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. საქართველომაც მისი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით დემოკრატიის გაძლიერება. 

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ახალგაზრდების ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ ამ მიზნის მიღწევისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებული მოდელის კონტექსტუალიზაციით ქართულ რეალობაში შეიქმნა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“. 

საბჭო არის წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და მის მიზანს წარმოადგენს კონსულტირება გაუწიოს ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ასევე, დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის. საბჭო 23 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელისაგან არის დაკომპლექტებული საქართველოს 12 რეგიონებიდან და თბილისიდან. საბჭოს წევრების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით.

ასევე მნიშვნელოვანია რომ 2020 წელს სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა რეგიონული ფორუმები, რომლის მეშვეობითაც 800 ზე მეტ ახალგაზრდას, ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო სამთავრობო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის შემუშავებაში.

აღნიშნული პროცესების გაგრძელების მიზნით სააგენტოში 2021 წელსაც იფუნქციონირებს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო და ასევე გაგრძელდება რეგიონული და ეროვნული ფორუმების ორგანიზება.