← Back to news

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატურმა ტექნოლოგიურმა ბანაკმა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მონაწილეთა მეხუთე ნაკადს უმასპინძლა

ბანაკის მეხუთე ნაკადში ახალგაზრდობის სააგენტოს სხვადასხვა პროექტში ჩართული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშებში ჩაერთნენ. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებმა ყვარელში მდებარე საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმიც მოინახულეს, სადაც გაეცნენ მუზეუმის ისტორიას, უნიკალურ ექსპონატებსა და ქართული ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვან ეტაპებს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - ჩვენება. ღონისძიების დასასრულს ბანაკის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, ასევე აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მიმდინარე წელს ყვარლის თემატური ტექნოლოგიური ბანაკი ექვს ნაკადად განხორციელდება და ჯამში 400-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბანაკის მეხუთე ნაკადი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა.

Gallery