← Back to news
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ, მისმა პირველმა მოადგილე თორნიკე შუბითიძემ, ასევე თავდაცვის ძალებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.
„ჯარის ბანაკის“ მიზანი იყო ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტი ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდა. ბანაკის ფარგლებში, რვა როტაციის განმავლობაში, IX, X და XI კლასების 1 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საბანაკე პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მოსწავლეები ეუფლებოდნენ საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას, სწავლობდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და დაშავებულის ევაკუაციის მეთოდებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებდა თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადების კურსებს.
2026 წელს „ჯარის ბანაკის“ პროგრამას პირველად დაემატა „საპატრიარქოს საათი“, რომლის ფარგლებშიც სასულიერო პირებმა მოზარდებთან შეხვედრები გამართეს თემაზე: „ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა და ოჯახური ღირებულებები“.
ღონისძიების დასასრულს ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და ჯარისკაცის საიდენტიფიკაციო ჟეტონები გადაეცათ.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წლიდან ხორციელდება.