← Back to news

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ახალგაზრდულ ინიციატივებსა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ისაუბრა ახალგაზრდული ბანაკების გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. გივი მიქანაძემ ასევე მიმოიხილა უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სტუდენტების მხარდასაჭერად დაგეგმილი პროექტები. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამაც, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობას ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროცესში. მან ასევე ისაუბრა სააგენტოს როლზე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე. მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად გაიმართება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს, მათ შორის – 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია. ხუთდღიანი საბანაკე პროგრამა მონაწილეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ. წელს ბანაკში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სივრცე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, რაც მონაწილეებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს. სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში დასაქმდნენ. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

Gallery