← Back to news

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში „სასკოლო მოხალისეობის ფესტივალი 2026“ დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლებში მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი - „სასკოლო მოხალისეობის ფესტივალი 2026“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში ლიდერული და გუნდური უნარების განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და ერთობლივად შეემუშავებინათ ინიციატივები. პროექტის შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტებს რაიონულ დონეზე. პროექტის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული რაიონი და ამავე რაიონის 25 მოსწავლე, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაემგზავრებიან საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით. პროექტში თბილისის 5 რაიონის 24 საჯარო სკოლის 120 მოსწავლეა ჩართული. ტრენინგებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილი ესწრებოდა.

Gallery