← Back to news
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თურქი ახალგაზრდები საქართველოში ახალგაზრდული გაცვლითი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც გაეცნო საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და ახალგაზრდებისთვის განხორციელებულ პროგრამებს. მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ადგილობრივი მედიათეკის სივრცე, შეხვდნენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მოისმინეს მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო კულტურული ტური თბილისში. დელეგაცია ასევე ესტუმრა კახეთის მხარესა და ქუთაისს, სადაც მოინახულა სიღნაღი, ბოდბის მონასტერი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი. ქუთაისის ახალგაზრდულ სივრცეში თურქი ახალგაზრდებისთვის გაიმართა შეხვედრა ქალაქის მერის მოადგილესთან, შალვა მშვილდაძესთან, და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, რომლებმაც სტუმრებს თავიანთი საქმიანობა და ადგილობრივი ახალგაზრდული ინიციატივები გააცნეს. ვიზიტის დასასრულს მონაწილეებმა ქართული სამზარეულოს მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა.
მსგავსი ორმხრივი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარების, მეგობრული ურთიერთობებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის გაღრმავებაში.
Gallery