„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგია – რომლის ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.

სტრატეგიული მიზანი : ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება

სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი მიზნების მისაღწევად აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით უფლებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება და ამ პროცესში ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური და თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა.

ამ მიზნის მიღწევით სახელმწიფო გააუმჯობესებს ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემას; ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვის პროცესში გაიზრდება უფლებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების მხარდაჭერა.

Ამოცანა : ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა
ეფექტიანი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ღირებულებების, მოლოდინის და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სიღრმისეულ ცოდნასა და გააზრებას, პოლიტიკის წარმართვის პროცესში მტკიცებულებებსა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვასა და გამოყენებას.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განხორციელდება ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროექტები, რეგულარულად ჩატარდება ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის კვლევები, გაუმჯობესდება სტატისტიკური მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროცესი, შემუშავდება და დაინერგება ახალგაზრდების მდგომარეობისა და საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, გაგრძელდება მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა, რომლის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების საკითხებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას;

შეიქმნება მონიტორინგის, შეფასების სისტემის, მართვისა და კოორდინაციის ინკლუზიური მექანიზმები, მომზადდება ახალგაზრდულ პოლიტიკაში ჩართული სუბიექტებისა და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი კანონპროექტი, შეიქმნება პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ახალგაზრდული საკითხების მეინსტრიმინგის გზამკვლევი, მომზადდება ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვის პროცესში ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ რეკომენდაციები, ჩატარდება ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიები.